ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში.

ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული, ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.

2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება

ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია.

1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს.

ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა",რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომაგდენლები ესწრებიან.

1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი.

ქალაქის მოსახლეობა 1989 წლის მონაცემებით შეადგენდა 29 000.

ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს მანგანუმის საბადო, რომელშიც დასაქმებულია 3 500 ადამიანი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში . ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები - სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან.

ჭიათურაში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია იმერვიზია, ჭიათურაში გამოდის გაზეთები.

ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი,რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არებული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ჩანგი", ხალხური ცეკვის ანსამბლები: "მერცხალი", "ფესვები" და "ანსამბლი-XXI". ქალაქში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ჭიათურის შესასვლელში დგას დიდების მემორიალი.

ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა". მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, საჩოგბურთო, კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის,ცურვის, კარატისა და მძლეოსნობის სკოლები. ქალაქს აქვს ცენტრალური სტადიონი გათვლილი 11 700 მაყურებელზე, ასევე სარეზერვო სტადიონი გათვლილი 2 500 მაყურებელზე.

1892 წელს ინგლესელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა "Forward and Salinas"-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი, რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი - აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.

ჭიათურა ვიკიპედიაზე