საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჭიათურაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჭიათურაში

►დღეს ჭიათურაში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა. შეხვედრა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა გახსნა და იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება.
►კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,, და ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ,, კანონის შესრულების მიმდინარეობაზე, სამართლებრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელა. შეხვედრაზე ისაუბრეს 2018 წელს იმერეთის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
►სხდომას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები, მხარის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
►პარლამენტის გასვლით სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, რომელიც სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებებისთვის.
►ქალაქის მერმა ისაუბრა ჭიათურაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. პაატა ნადირაძის თქმით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან მანგანუმის მომპოვებელი კომპანიები, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებით, დიდ ზიანს აყენებენ მთლიანად მუნიციპალიტეტს.
►პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, საჭიროა ჭიათურაში არსებული პრობლემის კომპლექსური განხილვა.
► „პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა სპეციალური სხდომა უნდა მოიწვიოს, სადაც ჭიათურის საკითხზე იმსჯელებენ .ასევე, მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ყველა კანონდარღვევა“-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ
►ქალაქის მერმა აგრეთვე დააყენა საკითხი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ,რაზეც ადგილობრივ ხელისუფლებას წვდომა არ გააჩნია და რის გამოც,მოკლებულია საშუალებას, მიხედოს და უპატრონოს გაპარტახებულ შენობებს.მაგალითისათვის ,პაატა ნადირაძემ სავალალო მდგომარეობაში მყოფი რკინიგზის სადგური და რკინიგზაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი დაასახელა ,რომლებიც რკინიგზის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხებიან.