ჭიათურის მერი ეკო-კლუბის წევრებს შეხვდა
ჭიათურის მერი ეკო-კლუბის წევრებს შეხვდა

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე ჭიათურის რვა საჯარო სკოლის ეკო- კლუბის წევრებს შეხვდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,სენი’’-ს ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია-2018“, რომლის ნახევარფინალი ქუთაისში ჩატარდა.
ქალაქის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5, ასევე პერევისის, თაბაგრების, გეზრულის, სვერის საჯარო სკოლების მოსწავლეები კონკურსის ნახევარფინალში დამაჯერებლად წარსდგნენ ჟიურის და დამსწრე საზოგადოების წინაშე და მიუხედავად იმისა, რომ ფინალის საგზური ვერ მიიღეს, მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო გადაწყვეტილება შეხვედროდა წარმატებულ მოსწავლეებს და ერთ დღიანი ეკსკურსიით დაეფინანსებინა.
,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, თქვენს პედაგოგებს კონკურსზე ასე საინტერესო, არგუმენტირებული გამოსვლებისათვის. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თითქმის ექსპერტების დონეზე ხართ გათვითცნობიერებული ეკოლოგიურ საკითხებში. ეს პრობლემა ჩვენი ქალაქისათვის საკმაოდ მტკივნეულია და იმ ახალგაზრდულ საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც ჩვენი ინიციატივით იქმნება, ვისურვებდი თქვენისთანა ახალგაზრდებთან თანამშრომლობას“---განაცხადა პაატა ნადირაძემ.
შეხვედრის დასასრულს გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის მერს სიმბოლური საჩუქარი--კიპარისის ნერგი გადასცეს, ერთ-ერთმა ეკო-კლუბელმა კი აღნიშნა:,, ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს კონკურსი უკვე გუშინდელი დღეა, მომავალი კი უფრო ,,მწვანე“ და ,,ფერადი“ იქნება.