ჭიათურის მერმა სამსახურებს პრობლემების ოპერატიულად მოგვარებისკენ მოუწოდა
ჭიათურის მერმა სამსახურებს პრობლემების ოპერატიულად მოგვარებისკენ მოუწოდა

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. ყოველკვირეულ თათბირს მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსები, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

,,მოსახლეობის მთავარი მესიჯი ქალაქის ხელმძღვანელების მიმართ არის სწორი გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემების 
ოპერატიულად მოგვარების აუცილებლობა. ამიტომ ყველა პასუხისმგებელი პირისაგან უფრო ეფექტურ და შედეგიან საქმიანობას მოვითხოვ“-- განაცხადა პაატა ნადირაძემ .

მერმა გამოყო რამოდენიმე საკითხი, რომელიც ოპერატიულად უნდა მოგვარდეს, კერძოდ, კულტურის ცენტრის დაზიანებული ჭერის შეკეთება, თეატრის მიმდებარე ტერიტორიის საყრდენი კედლიდან ჩამოცვენილი ფილების აღდგენა, რაც წლებია ამახინჯებს აღნიშნული ტერიტორიის იერ-სახეს, მდინარე ყვირილას ჯებირებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება, ასევე ,,წითელი ჯვრის’’ მიერ შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარების ჭიათურის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეჭირვებულ მოსახლეობაზე ოპერატიული განაწილება და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფლის მეურნეობის კუთხით მეტი პროექტების განხორციელებას , ასევე სოფლებში გაზიფიცირების პროცესის გაგრძელების გაუსვა ხაზი.

თათბირზე ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის განცხადებით, 3 მარტს ჩაფიძის სახელობის კლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ ჭიათურაში მცხოვრებ ომის ვეტერანებს, ასევე აღნიშნა, რომ სამსახურში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ერჯერადი დახმარებების გაცემისა და 1 ჯგუფის ინვალიდებისათვის კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების საკითხზე.